Friday, July 16, 2010
მაკა მიქელაძე – ერთი მოთხრობა ორ რთულ სიმღერაზე
- "თქვენი ცხოვრების კონცერტი დასასრულს მიუახლოვდა" - კომპიუტერული ტომოგრაფიდან ნარნარად გამოსლიკინებულმა ფურცელმა მაუწყა.
- ცუდია. – ვიფიქრე. მეტსაც ვიტყვი – მიიშვეელეეთ!
- ვერაო – ფურცელმა – ვეღარც კაცი და ვეღარც ღმერთი ვეღარაფერს გიშველისო.
მტანჯველი, არაფრისმომცემი მკურნალობა გამოვტოვე. ასე გადავწყვიტე. მარტო მსურდა ყოფნა და ფულიც მქონდა.
რეალობას ევროპაში გავექეცი.
ავიწყვიტე.
გავირუჯე. ექიმმა გამაფრთხილა მზეს მოერიდე, სიმსივნეს არ შვენისო. ჩემთვის რომ გეკითხა, სიმსივნე არ მშვენოდა, ნარუჯი კი მომიხდა.
ვერ ვიტყვი, რომ სასიყვარულო ენერგოხარჯი ავწყი სააფთიაქო სასწორით. ერთ სიცოცხლით სავსე, ატკარცალებულ ტაკუცუნა გოგოცუნას გადავეყარე. არც მას დაუწყია ლავღამის შემდეგ "აქანა დავდგავ შიფანერკას" და არც მე მივაგლახია "რა უდროოდ ვკვდები". სასიყვარულეთი საზაფხულო "ლაით" ურთიერთობებად მოვახაზირეთ და ორივე კმაყოფილი დავრჩით.
ჩემთვის იყო ძნელი, სხეულის გამკივანი ჯანმრთელობით ძუძუს კერტებზეც კი ეწერა, რომ ჩემზე დიდხანს, დიდხანს, დიდხანს... დავშორდით მალე.
ვსვი და მივირთვი საუკეთესო. აბა რას უშლის ფილტვის ან თავის ახალწარმონაქმნი კუჭის უცხო ხილით ამოვსებას?! დავლაშქრე რესტორნები: ჩინურიც, მექსიკურიც, იტალიურიც, ფრანგულიც. რა დამაკლდა და რა შემემატა ვერ გავიგე. იფ-იფ-იფ და თითებს ჩაიკვნეტ.
კიდეც დავლიე... და წავიდა, და მაგარი და, ჭრის და ავიჭერით, და ხურავს და დაგლიჯა, თავი ამხსნა და თავი ამხადა სასმელები ჩავცალე... ჰერი და ლოთობა ღამის, გარიჟრაჟის, ნასამხრევის, თბილი ქვიშის, ბაღის სკამის, შადრევანის, პარაპეტის, ძველი ძეგლის პედესტალის, უცხოებში, ახალ ნაცნობებში. ჯგროდ და კენტად. თავი გავიგიჟე და დავივიწყე. მაგრად გავიზაფხულე და... რა მერე?!
არა, გართობა არ დავიკელი, არც რა სიამე... უნამუსოებიც შემოვიარე, არომათერაპიასაც კი არ შევუშინდი, წყლის თხილამურსაც არა უშავდა, პარაშუტებსაც... ზღვა სიცოცხლითაც ისე სავსეა, როგორც სიკვდილით. ცხელი ქვები რომ შემაწყო ზურგზე ვინმე მაამებლობის დიდოსტატმა, მივხვდი – მივქარავდი. პლაჟზე რა, ნაკლები ქვები ეწყო, თუ მე მელოდა ცივი და გაუმთბარი?!
მოვიმწვანილე ყველაფერი. სულიც გამახსენდა.
ცოდვა - გამხელილი... შემთხვევით აღვიდგინე გამოჭმულ თავში, რომ არის სადღაც ეს რაღაც სული. სასულიერო პირი დავინახე, გრძლადშემოსილი, სიცხე-პაპანაქებას და კიპარისთა ხეივანს რომ მიუყვებოდა.
გავედევნე და მისმა გზამ საყდართან მიმიყვანა.
გზამ და ხმამ...
ბგერითი რხევების მიმართ გულგრილი ვერ ვარ. მე ხომ სამყაროს ყურით აღვიქვამ და შურით...
კაცობრიობასაც კი ჰყავს ნომერ პირველი მტრები (ცვლადი ერთეულია, ხან ვინ, ხან ვინ) ??????????
ჩემი ნომერ პირველი მტერი, იყო, არის და იქნება ის დათვი თუ სპილო ყურზე რომ დამაბიჯა ფეხი დედის მუცელშივე, ან დაბადებისთანავე.
ამის სათქმელად მივემართებოდი წმინდა ალაგისკენ. მინდოდა ვინმე ღვთისმოსავი მომეძებნა და მეკითხა: რატომ? რაღა მე? რას მერჩოდა? რა დავუშავე? ვის რა დავუშავე? სპილოს? დათვს? ამდენ ყურში რაღა ჩემი ამოარჩიეს დასახშობად, უკეთესზე ვერაფერზე გაიარეს?! ბოდიშიც არ მოუხდიათ, მინდა გითხრა. დამაბიჯეს და ბასტა.
მე რომ სიმღერა მცოდნოდა... ასე ადრე და ასე უსახელოდ... რაღა ჩემთვის დაენანა მამაზეციერს...
საყდრიდან ორღანის ხმა შემომეღვარა, სიჩუმის ხმაც. ცოტა დავმშვიდდი. მაღალ რეგისტრში ჩხუბი გადავიფიქრე და ჩამჭრელი შეკითხვები ნიშნის მოგებით გადავინახე. ვინ რა პასუხი უნდა გამცეს?! გულს კი მოვიფხან.
საყდარში გრილოდა. ხის, წითლად გალაქულ, კრიალა ძელსკამზე ჩამოვჯექი. მსმენელთა ნელსაცხებლის სუნი კეთილსურნელებაში ჩაიკარგა. ჩემი გაღიზიანებაც გაიბნა მყუდროებაში. ჩუმი ფუსფუსი და მოწიწებული ჩურჩული გულს მოეფონა. ჩავთვლიმე კიდეც...
მესიზმრა სცენაზე უნდა მემღერა და შეშლილივით დავაჭყიტე თვალი.
ორღანს ორღანისტი უჯდა. დაკვრას განაგრძობდა.
მუსიკამ შემძრა. აი ის, რაც მუსიკამ შეძრა, არის ალბათ სული. მან, გატანჯულმა დაისვენა, მე კი თვალსა და ხელს შუა გამოვცოცხლდი. უკეთ რომ ვთქვა – ყურსა და ყურს შუა.
ორღანს მოხუცი ორღანისტი უჯდა. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩანდა ხის, წითლად გალაქულ, კრიალა რიკულებს შორის. შემელოტებული თხემი, საყელო და სახელოები თეთრი. გახამებული პერანგი. მრავალსაფეხურიან კლავიატურაზე სწრაფად მოძრავი ჩრდილები. თხელ ხელებს თითქოს ინსტრუმენტი ამოძრავებდა. ჰო, რა, ორღანი თავის ჭკუაზე დაატარებდა ხელებს. მუსიკა მდინარე იყო, ხელები - დასახრჩობად განწირულნი, მის მოდიდებას მისდევდნენ.
მუსიკოსები მძაგს.
აი, ეს ორღანისტიც, შემელოტებულ თხემს ბაგირზე ასაძრომად გამზადებული ბავშვივით რომ გადაიგდებს უკან და სიმაღლეს ახედავს, თოხლო კვერცხის მისაღებად გამზადებული ოპერის პრიმადონასავით რომ მოიღერებს ყელს და აატრიალებს თვალებს, მხრებს რომ უცოდინარი ყველაფრისმცოდნესავით აწურავს, დაფასთან გამოძახებულივით და... დაჰკრავს გაოსტატებულ ხელებს ღვთაებრივ ინსტრუმენტს... ეს ორღანისტი, შემელოტებული თხემით მე თხემით ტერფამდე მძულს.
სმენიანია და იმიტომ.
უკრავს რა ტიპი, ვითომც არაფერი. ზის რა და უკრავს. ისე, სასხვათაშორისოდ აწვება სატერფულებს და მანუალებს, ღილაკებს, გადამრთველებს, გადმომრთველებს, აწევს, ჩამოწევს, გადაატრიალებს, გადმოატრიალებს და ამ ჩია მუსიკალურის ხელში მილების მთაგრეხილი, ხისა და მეტალის მონსტრი, პნევმატური დაშევინტილაციარებული გიგანტი, ??????? მოჩუქურთმებული, ჭიმებიანი, სიმებიანი, მღერის, გუგუნებს, ბორგავს, აიტალღება, ცხოვრობს, ცოცხლობს, ბობოქრობს, გვრისხავს, გვაშინებს, გვასწავლის, გვაზიარებს, გვაიმედებს, სუნთქავს, გაგწმენდს, გამოგწურავს, გაგასავათებს, ახლით შეგავსებს და მიგატოვებს ისე, რომ არ გკითხულობს რა სიმაღლიდან შეგამუსიკა და შეგეძლო რო?
ახსოვს ვინმე ამ ქვეყნად ამ ჩია ნიჭიერს, ამ მართლა მაღალმუსიკალურს, ამ... ამ... უხ სმენიანს... ახსოვს ვინმე? მე მაგალითად? ადარდებს რატომ ვერ ვიტან სპილოს ან დათვს ან მუსიკოსებს? გრძნობს კი, რომ მე ის ნიშანში ამოვიღე და პასუხსაც მოვთხოვ!!!
ორღანისტმა განცვიფრებულმა, შეწუხებულმა გადმომხედა. შევცბი. იქვე მიგდებულ პროსპექტს დავწვდი და ანგარიშმიუცემლად გადავშალე.
"ორღანი ერთადერთი სასულე-სიმებიანი ინსტრუმენტია".
ჰო, ვიცი. ორღანი ადამიანივითაა. ჰაერი თუ არ გაუთბე, ვერ ამღერებ. თუ ამღერდა და დაგაცლის თავზე უმრავლეს ჟამს, აგიტაცებს, აღგაფრთოვანებს, გაგადიდებს, დაგანარცხებს და გაგსრესს, გაგრძნობინებს რომ ჭია ხარ და მატლი, თუ არა და იმას მაინც მიგახვედრებს, რომ ეს ჭია და მატლი ოდესმე შეგჭამს. მერე კი, ყურიანი ქოთანი ხარ Uთუ უყურო, შეგავსებს შენივე განუმეორებელი ერთადერთობით და ღმერთთან ერთობით.
ასე ვგრძნობდი. რამდენიმე ათასი სასულე მილი ათიოდე სულგანაბულისთვის ლოცულობდა. გადაარეგისტრა მანჟეტებით მომხრჩვალმა ხელებმა რაღაც და დამაჟრუანტელა. ერთ-ორ კაპიტულაციასაც ჩემი სრული კაპიტულაცია მოჰყვა.
თავდახშული მილებიც თანდათან ჩაჩუმდა.
მსმენელნი დინჯად და უსიტყვოდ წამოიშალნენ. ვინ გარეთ გავიდა. ვინ საყდარში დარჩა. ჩემს გარდა ყველა იყო გასპეტაკებული. სათქმელი აღარავის ჰქონდა. ყველა კითხვაზე პასუხგაცემულებივით დუმდნენ, მშვიდები. ვიღაც ლოცულობდა, ვიღაც შესაწირს გაიღებდა, ვიღაც ფიქრობდა. სიჩუმე სუსტად ჟღერდა ჯერ კიდევ.
ორღანისტი დაოსებული იჯდა მერხზე. გამოწურული, დახარჯული, გასავათებული. ხელები მუხლებზე გადაჭიმულ სუტანაზე ეწყო. ხელები მსუბუქები ჩანდნენ, ნაჭერს ნაოჭსაც ვერ ამჩნევდნენ, ბუმბულივით ესვენენ. ქარს ყოველ წამს შეეძლო წაეღო დასაკვრელად.
მივუახლოვდი. მწამდა, მისი რწმენისგან ქვას ქვაზე აღარ დავტოვებდი.
- ღვთაებრივია, პადრე! – რამდენად პადრე იყო, არავინ იცის – ღვთაებრივია ბახიც. სიკვდილზე მიდის. ბრავო, მაესტრო! – არც კი ვიცოდი, რამდენად მაესტრო იყო.
ზღვისფერი, უბოროტო, უზაკვო თვალები გამამხნევებლად შემომაცქერდნენ. თავიც დამიქნია.
აღარ მივკიბ-მოვკიბე და პირდაპირ მთავარით დავიწყე.
- აი, ძვირფასო პადრე, მე სმენა არა მაქვს. მისხალი, ნასახი, არანაირი. ტაშტი ვარ – მუსიკის ამბავში.
ძალიან შეწუხდა. თანაგრძნობით შემომხედა... რამაც გამაცოფა და გამახელა.
- მე ვკვდები, პადრე. დღეს თუ არა ხვალ გარდავიცვლები, ფა-ფუ! – დავუყვირე თითქმის.
შეკრთა. მერე ისე გამომხედა, მივხვდი რომ არც ერთი სულიერი არ იყო ჩემზე უკეთეს დღეში. ეს "დღეს თუ არა ხვალ" ვერ გამომივიდა ლამაზად.
- ტუმორ, ტუმორ! – გადავწყვიტე დაზუსტება. – ერთი-ორი აკორდი და კონცერტიც დასრულებულია.
თვალზე ცრემლი მოადგა და მერხზე მანიშნა ჩამოჯექიო.
ხელი ჩავიქნიე. მთავარი ის იყო, რომ მისმენდა.
დავცხე და დავცხე. სადაც უცხო ენა არ მეყო, ხელები, ფეხები, მიმიკა, ჟესტები და უსმენო ყურების პარტყუნი შემოვიშველიე.
- საქართველო იცი? ჯორჯია? სოვეტიკუსის. უსა-სი კი არა. აიჰ! მაგ ჯორჯიაში, სმენა თუ არა გაქვს – მკვდარი ხარ, შეიძლება თამამად ითქვას.
ინტერესით ამომხედა. დამაკვირდა.
- თუ არ მღერი, სუფრაზე ხარ მუდო, თავყრილობაზე – ყუმი, სიყვარულში – მუნჯი, გლოვაში – გულგასიებული, ცხოვრებაში გარიყული.
ლაპარაკითაც სიმღერასავით ლაპარაკობენ. მისმინე! მისმენ? მე რომ ვამბობ დოს, შენ უნდა მიპასუხო მი. კაი დედ-მამის შვილი ხარ, დოზე მომისიტყვე რე ან იმის უარესი მეორე ოქტავის დო. ფა დიეზსაც ვერ მოგიწონებ დიდად, მაგრამ ჩემს დოზე მაღალ დოს?! შენ მე თვალში ხომ არ გეპატარავები და არ აგაღებინებ, არასდიდებით!!! ახლა დო-თქო თუ გითხარი წყნარად, სი ბემოლით თუ გამეცი ხმა, მეორე დღეს ქუჩაში გამარჯობას რატომ გეტყვი? აი, შენ, პატიოსანო პადრევ, გასცემ ხმას იმ კაცს დოო, რომ მიუთბილგულებ და სი ბემოლო, რომ დაგაკივლებს?
გამიღიმა სათნოდ.
ა, კაცი! იუმორის გრძნობაც ჰქონია. მოსმენაც იცის. დავცხე და დავცხე უფრო გულმოცემულმა.
- ნაბიჯ-ნააბიჯ მკლავდნენ, პადრე, წვეთ-წვეთად, თუ გინდა ნოტა-ნოტას მიყოლებით ასო-ასო მქნიდნენ. რომ ვკვდები, დამიჯერე მხოლოდ ჩემი უსმენობის ბრალია. დამიჯერე, პადრე, მართალს ვამბობ.
მთავარი გითხარი და ახლა თანმიმდევრობით, დალაგებულად, ნება-ნება...
დაწყებითებში კლასელი მიყვარდა. ორი ნაწნავი. წვრილფეხება, ჟილეტში და გულზე მიხუტებული შავი, გრძელი კოლოფით. გამუდმებით სადღაც მიიჩქაროდა. ბიჭებს ზედაც არ უყურებდა. კლარნეტზე დადისო. მე ეს კლარნეტი ბიჭი მეგონა. გავცოფდი კლარნეტი ვიღა მიგდია, ჯერ სახელი ნახე, კლარნეტთან როგორ დადის-თქო.
ჩვენი დაწუნებული კლარნეტი ინსტრუმენტი რომ აღმოჩნდა მამაჩემს დავადექი.
- მამი, ან მუსიკას მასწავლი, ან თავს ვიკლავ-თქო.
გაბრიყვდნენ და მიმიყვანეს "მუზიკალნი" სკოლაში. რავი, უბნის ბიჭებმა, ეს "მუზიკალნი" კლიჩკად კი გამიხადეს... მაგრამ, ეს არ მინაღვლია. გამოამზეურეს იმ სკოლაში ბოროტმოქმედი სპილოც და ბარბაროსი დათვიც, რომლებმაც ბოდიშის მოუხდელად გაისეირნეს ჩემს ჩვილ ყურებზე. არაო, იქაურმა მაესტროებმა, შენგან არაფერი გამოვაო...
პირველი სიყვარული პირველი მოსმენასავით ჩავაფლავე. ის ორნაწნავიანი ახლა ტელევიზორშიც მღერის, იურმალაზეც... რა გულითადად ვუსმენ და ვუყურებ, თუ ხვდები?
კიო – დამიქნია თავი.
ეჰ! შეიძლება ხვდები-თქო, გავიფიქრე და აღარ მითქვამს, ის ხომ იმ ქვეყნიდან არ იყო, სადაც თვალებითაც კი ი-ყურ-ებიან. ბოლომდე მაინც ვერ გამიგებდა, თვალებიდან "ყურ-წყალს" ვერ დაიდენდა, კურცხალს ესე იგი.
მაინც განვაგრძე, იმიტომ რომ მამაზე მეტად მიყვარდა ამ გასაჭირში.
მამაჩემმა: არ უნდა და დაიკიდეო! ქალების მეტი რა არისო. დავიჯერე და გულში ჩარჩენილი ჯავრი სასიყვარულო თავგადასავალთა კალაპოტში მივაგდე, მოპარული წყალივით.
მთავარი იცი რა იყო, სადაც მომღერალ და დამკვრელ ქალს გადავაწყდებოდი, ის ინსტრუმენტი მახსენდებოდა, რომელზეც დაკვრა არც ერთ თავმოყვარე ქართველ კაცს არ უჭირს. არ მახსენდებოდა და თავს მახსენებდა უკითხავად... მომღერლის დანახვისთანავე. იწყებოდაა: საკრავივით ფაქიზი ხართ, ჟღერადობას შეგიმოწმებთ, დამაკვრევინეთ რა, ნუ ერთ ნოტს მაინც არ ამაღებინებთ... შევაშემყვანიურებდი.
კოცნისას, პადრე, პირს კი აღებენ, მაგრამ ვერ მღერიან, ვერა! ხვდები?
ერთხელ მთელი კვარტეტი ვიყოლიე, სრული შემადგენლობით. რეტრო-ჟღურტულიკები, ჩიტუნები. ოთხივეს მოვერგე უხმოდ და უსმენოდ. ჯერ ბანს შევუხმატკბილდი, მერე პირველს. ასე მახსოვს... მეორეც მივაყოლე... კინაღამ დავშალე ის ჩიტის ბუდესავით აწყობილი ოთხეული... მარაა... მარა ჩართული ქალი იყოო... იფ, რო ჩაახუჭუჭებდა... ჩართულივით... უჰ! ბოდიში, პადრე, თქვენ ხომ... – მოვეგე გონს.
ჩემთვის რომ გეკითხა, შეცბა, მაგრამ მომიტევა.
უხერხულად ავიწურე.
- მთავარს გეტყვი, აღარ დაგღლი – ვცადე გამოსწორება. – მთავარი ის არის, რომ მშურს. დღესაც მშურს, გუშინაც მშურდა და ხვალაც შემშურდება, როცა ვიღაც მღერის ან უკრავს. რატომ?! რას ქვია რატომ?!
ძნელი ასახსნელია. ვთქვათ, ზის შენს გვერდით ქალი, შენი საცოლე, დღეს არა ხვალ ქორწილი გაქვთ. ამ დროს, შეიგდებს შენი უახლოესი ძმაკაცი გიტარას მუხლზე და ესაო, ისაო, მარტოსულო ქალბატონოო, ნუ მიხურავო კარებსო... გამოაღეო, ისეო როგორცო ფანჯარაო, გავიხედოთ და შენი იყო, ახლა მისია. როგორია?! ხეედავ! მთავარი კი ეს არ არის, მთავარი წინა გვაქვს...
სუფრის მერე, ჩვენში კი სუფრა ყოველდღე იციან, ქეიფის მერე და სადაც სუფრა იქაც ქეიფი, შურის და ეჭვის ხიჭვებს, ძლივს ვხსნიდი კრიჭას და კბილებით ვიძრობდი ამოჩემებული აქილევსის ქუსლიდან.
ერთი მომღერალი, იცი, რისთვის წამოვაგდე სუფრიდან და რისთვის გავუერთიანე თავ-ყბა? წამოიწყო, თავხედურად "ბულბულს - ენა, ვარდს - სინაზე, მოვსტაცე და შეგთავაზე" და თვალებში მიყურებს წარბშეუხრელად. გავიყვანე გვერდზე: - თუ მღერი, ბოლომდე იმღერე შე დამპალო-თქო ვუყვირე. გამოშტერდა, რა გინდაო. – თუ მოსტაცე, როგორ მოსტაცე-თქო. რაო? – დაჭყიტა თვალები. – რა და რანაირად და რა მანქანებით, რა ხერხებით და რა ხრიკებით მოსტაცე, რა უფლებით-თქო, - ვუბრაგუნე და ვუბრაგუნე. – და თუ მოსტაცე ბულბულს ეს ენა, რას მაბოლებ და როდის შემომთავაზე, ან შენ შემომთავაზე და მე არ გამოგართვი, არა? მტყვანის!!! დავანოკაუტე კიდეც...
მოკლედ გავშლეგდი.
ასეა რა, კეთილო პადრე, კარგ მომღერალს რომ ვხედავ, კბილები მეფხანება. აი, ხო მღერის... ყრონტი ხო აუდის და ჩაუდის... იცი როგორ ჩავაფრინდებოდი, დავასობდი საკბეჩებსაც და საღეჭებსაც... გამოვგლეჯდი და გამოვუღებდი ყელს, ხმაგამტარს. კარგადაც დავიამებდი, დავისვენებდი.
თვალები რომ გადამიშუშდა, შეშფოთებით ამომხედა, დაძაბული დამაკვირდა. ცოტა გაზიდან კი ავიღე ფეხი, მაგრამ სიჩქარე ბოლომდე ვერ დავაგდე.
- ტკივილია, პადრე, ტკივილი, ეს ოხერი შური, გულის გამსიებელი, გულღრძო, დამღრღნელი, დამტკვირავი, დამქუცმაცებელი. გვფრცქვნის, გვბრტყვნის, გვფშხვნის...…ისე, პადრე, ბოლო სამი სიტყვა, ქართულად რომ წამომცდა, უბრალო არ გეგონოს. გინესის წიგნში ვართ ამ სიტყვებით შესული, ერთ სიტყვაში უხმოვანო თანხმოვანთა რიცხვით. შურიც, თითქოს ეგეთია, უხმოვანო თანხმოვანთა რიგია, სმენიანის ყურს რომ უსმენოს ხმა გაუხრჭიალებს, ნერვებზე იმაზე მეტად იხემება – ჭშრწრჟხრძღრზ. გფლითავს, ვარვარებს, დუღს, გადმოდუღს, გფუფქავს...… ჩვენში დარჩეს და გზმნის კიდეც. რო ვეღარ უძლებ, სადღაც უნდა დააბანდო.
ერთ მშვენიერ დღეს, ამომივიდა ყელში, მიტირეთ ყველამ ნოტებზე-თქო, დავიქირავე მუზმასწი, კაი მასტი. მომთმენი.Mმივფულე ლაზათიანად და არ გისწავლებია, ჩემთან გექნება საქმეც თანდავურთე.
დავაკვდით. ვიყროყინე, ვიყივლე, მივამსგავსე, ნოტა ნოტაზე დავსვი, ავღიღინდი, წავიმღერე. გიტარაზეც მივცხებ ერთი ორს, პიანინოზეც ჩავარიკრიკებ და თუ გაჭირდა დრამებზეც გაგირიტმავ. "ჭრელო პეპელა" "ჟუჟუნა წვიმაში" აღარ ამერევა, ხმასაც კი მოგცემ და ერთ უსმენო ნაშას ტეტ-ა-ტეტ და სანთლის შუქზე მეც შევაბამ, რომანტიული პაპსათი.
აპაპაპა ხალხში ხმას რა ამომაღებინებს.
რა რატო ტო?Uუჰ, ბოდიშით.Aახლა მთავარზე...
იციიი, როგორ მღერიან ჩემს ქვეყანაში?!Eეეე...…
მანდ მომიცადე! შევეცდები აგიხსნა. რაღაც-რუღაცეებს თუ წაგიმღერებ, არ მითხრა, კეთილო პადრე, რომ სმენა არა მაქვს, კარგი?!
ხმ...…ხმ... აი, უსმინე... ხმ... "კაცისა მიყვარს სტუმრობააა, კაცისა არნახულისაოოო..." მე რა?Mმე არაფერი... და სამ ხმაში რო აგუგუნდებიან... გაგიჭრიალებს გულის კარი სასტუმროდ, აბა რას იზამს.Dდაგიიმედდება, გაგამოლოდინებს, არნანახისთვის შეგამზადებს... ჩემისთანა სტუმარზე კი არ გეუბნები რომ ალაყაფდება და ალაყაფთან გაიხიდება...
ჩემი არ იყოს, ისიც გამონათდა, გამიღიმა.
Mმოგეწონა, არა?Aაბა ახლა ეს ნახე... "გადი გამოდი გუთანოო, ღირღიტას ბანი უთხაროო"... როგორია? თან ხმებში როგორ იშლება იცი? გუთნისდედის ოფლივით, შუბლიდან საფეთქლებისკენ რომ გაიშლება, ჩიჩახვთან რომ გადაიჯვარება ერთი მეორეზე და სათოხარივით გამომზისგულებულ მკერდზე რომ ისევ გაიბევრგზავებს. რაც უფრო მსუყედ და ღალიანად შეეგებები, უფრო ხალასად ჩაგჭრის გუთნის და სიმღერის პირი, მიწას გრძნობ კი არა, მიწა ხარ ამ დროს. ამობრუნებული ბელტებით ცას შეხედავ, ამოისუნთქებ, სითბოს გამოიღებ...
ცაზე გამახსენდა. ერთადერთხელ მქონდა ცა ახლოს და ბევრი.
წარმოიდგინე ავტობუსების ქარავანი მთიან უღელტეხილს შემდგარი. ხმაშეწყობილი, შემღერებული, შეერთსიტყვასაქმებული და შეერთსიტყვაღმერთებული გუნდებით გაძეძგილი. ლოტბარებიან, კულტ-მასავიკებიანად, მძღოლებით და სიმღერმძღოლებით, მივგრიხინებთ და მივღიღინებთ. რიხინ-რიხინში მეც კი ამოვიდგი ხმა. ვაო! ბიჭებმა, ჩხირი კედელსო! შემაქეს თანაკურსელებმა. პოლიტექნიკურებმა, პოლინიჭიერებმა.
მჭირდა რა, რაღაც მაზოხისტური. მარტო კაი მომღერლებს ვუძმაკაცდებოდი. შურს ვუტკბილდებოდი, ფიალას ფიალაზე ვცლიდი ბალღამისას, ეჭვის სამსალას ეჭვის სამსალას ვაყოლებდი.
ავაღწიეთ ზემო სოფლებამდე. დაგვადგა თავზე კოშკები, ჩრდილებით. დაღამდა და დაგვეზვინა ზეცის ზარხუფი, გადმოგვამხო ვარსკვლავები და აგვიბრიალა კოცონებად. არაყიც ჩამორიგდა, ხინკალიც და წავიდა... აგუგუნდნენ ჩემი თანამგზავრნი სამრეკლოს ზარებივით...
"ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეშიიიი, მაგრამ არ დამიკვნესიაააა" ჭაჭებში ჭვალივით გამიჭუილა და ჭრილობიდან კბილთაღრჭენით ამორჭობილი სამსჭვალივით გაიჭრიალა, იარა დაყუჩდა და შვება ჩაიგუბა სისხლივით... გამიკვირდა და ისე აღარ ვიბოღმებოდი. ცა იყო ახლოს.
იციიი... როგორ მღეროდნეეენ? ეეე...
"ივლი-დივლი საყვარელოო ლიახვოო და ჩემოო, ლიახვო, დელიავ გოგონააა..." ახლა შენ ეს ლიახვი გოგონა გგონია, ლამაზი ქალი... არა და არა. მდინარეა რა, მდინარე ამაზონს თუ ჰკითხე, ნაკადული. საყვარელოო, გესმის? ჩემოო... კაცოუ! მერე ამ "საყვარელოში" ერთი ბგერა მდინარის ფონივით დაბლდება და მორევივით ღრმავდება, მიხვდი რა! ხმა მდინარესავით მოღვარღვარებს, მდინარეს კი ტკბილად შებერებული, ნაერთგულევი, ნაფერები და სახემოცინარი მეუღლესავით ეღვინიერებიან. ჩემოო, გესმის, საყვარელოო... ადვილია მდინარესავით მოდიდებული სიყვარული მუნჯად გადაყლაპო? არადა, მღერიან და არ მშურს... გეუბნები, ცაა ახლოს.
განა მარტო მდინარეს... აიმ ღრუბელსაც ეტრფიან ბოროლაზედ რომ დიან... დროც დის და კოცონთა ბრიალში სიმღერა სიმღერაზე იბადება. წავიდა...
ახლაო ჯვრისწერისაო, დავსხათო მეფე-დედოფლის მხარზე ანგელოსებიო... მარჯვნივ მხარზედაცო... მარცხნივ მხარზედაცო... ახალყოილებს საყდრამდე მიყვნენ.
მერე "მაღალმა ღმერთმა გვიკურთხა მაგ აკვანში მწოლიარეო", მისმენ გიკურთხოსო, იმოდენაზე ასძახებენ, ყველაზე მაღალ ღმერთს გააგონებენ, ვიმრავლეთ და მოგვხედეო. ბედნიერებით გაოგნებული თუ გაოგნებით გაბედნიერებული მამა სადღაც ღრუბლებს გაღმაა მოსაძებნი, ჩამოიმღერება, ჩამოსიხარულმშვიდობდება, ჩამოგულშიძეობდება. სანამ პირველი ხმა მამას უსინჯავს პირს, მეორე ძუძუზე ახლადჩვილმოკიდებულს დაუყუჩებს დავიწყებულ და განსაცდელ ტკივილებს, ბანი კი ებანოზის აკვანს დაარწევს და ტუჩზერძეშეუშრობელს უნანავებს. მიეძინება ახლადშედედებულ მოქანცულობას და სამივე ხმა იმღერებს მამობის, ძეობის და სულიწმინდობის განცდის სადიდებელს.
ახლა ის ჩვილი თუ ავად გახდა. "ბატონებოო, მოუოხეთო" იავარდის ფურცლად დაეფინებიან და ალმოდებული ბავშვივით აივედრებიან ხმები... დედის ლოცვასავით მოგიფონებენ...
სიკვდილის დროსაც ვმღერით, პადრე, ვმღერით "ბრალია შავო ყორანოოო, ჩემის ლეშითა სძღებოდეეე?" ა? როგორია?! "ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად, სხვას არა წაუღიააოო..." სულ გადასარევი... მღერიან კი, პადრე, მაგრამ მე რომ მეშინია, იმ არნახული კაცისა ახლა რომ უნდა მესტუმროს? მეშინია და რა ვქნა?! ვერ ვკვდები სიმღერით, როგორც ჩვენებურებს სჩვევიათ... მეშინია.
ვიჯექი რა, ასე გულაგიზგიზებულ ძმებში და მთებში. არ მშურს და რა ვქნა? ცრემლიც კი მომადგა. რა გჭირსო? არაყიც შემაშველეს. – ბევრია, მეთქი, ბევრი. – რაო? – რა და ვარსკვლავები და ვარსკვლავები ?????? ერთი ხელი ცისკენ ავიშვირე, მეორე მათკენ გავზიდე. აღარ მითქვამს ცაა-თქო ახლოს.
კოცონები ჩაინავლა. მზემ კი კლდის წვერები ააბრიალა. "ლილეო" მზის სადიდებელიც ჩავდგით...
მერე კი მომკლეს. წინასწარი განზრახვის გარეშე მომკლეს, პადრე... თითქოს არაფერი, წამოიმართა ერთი ჩემი ცოდვით სავსე, მოაღო პირი და სთქვა...
"ზაამთარიაოოოო...." - არ უმღერია, მთებიდან თოვლი მოხსნა და სუფრაზე დადო.
დამარეტიანა. თვალთ დამიბნელდა.
ბურუსი თეთრად ჩამოიმტვერა, ჩამოიბურტყლა, ჩამოიფქვილა, ჩამოითოვლა და გადაიბარდნა მდინარის ველი, მდინარით დაჭრილი. თეთრი ტაძრით ამაღლებული. გულშემაგრებული.
"ზაამთარიაოოო....."
გამოეფინენ საგუნდაოდ ნაბდისქუდიანი, ბავშვივით ატროებული ორტოველები. ეეოო და თოოვლიოოო, თოვლიოო და თეთრი ტახიო! ალაზანი და ალაზანიო. გამოეფინენ თეთრ ველზე, თეთრი ტაძრით, თეთრ ველზე ვერცხლა მდინარით. გამოიშალენ და დააყარეს ერთმანეთს გუნდები. იქა საყდრის შორიახლო ერთი ხე იდგა – გამოკვეთილი, დაჯღვარკული, კორძმრავალი, გაბარჯღული, ვარჯშიშველი, ზროგლუვი გიშრისფერი კომში. მოხვდა გუნდა და ჩამოყარა ოქროს კომშის კალო.
"ზააამთარიაოოო..."
წამოვავლე გუნდას ხელი და შემრჩა ყინულივით ცივი სუსხიანი, ბუსუსაყრილი, ხორკლამშლელი, მახრჩობელა კომში. შური-ხრაშელა, წებოვანი, სიყვითლე კბილთამჭრელი, ჩავკბიჩე და... ყელში გამეჩხირა, გაიდგა ფესვი ფილტვებში და ტვინში კომშის ხესავით ამეზარდა. შუქნიშნის თვალივით აენთო და გამაფრთხილა. იქ ვნახე ჩემი სიკვდილი, პადრე.
ჩვენში დარჩეს და ალალმართლად გეკითხები, მთელი სულით და გულით: ნამუსია, ერთი სიტყვა ამოტელა ველისმომცველად იმღერო?
დიაგნოზი? არ ვიცი, ლათინურად კომშს რა ჰქვია და ქართულად უსიმღერობით დაჩრდილული ფიქრი ჰქვია და ფილტვი.
თითქმის მოვრჩი. დაგღალე ვიცი. ახლა ქართულ სიმღერასაც იცნობ. მე ვცადე და ცოტათი ალბათ იცნობ. ტყუილად ხო არ მიქაქანია? თუ ფოლკლორი არ გიყვარს, საგალობლები გვაქვს - გაგავენახებს. სიტყვებია, სიმღერა აღარ სჭირდება ????? "უპატიოსნესთა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა" რაღა დამღერება უნდა. ლექსია, ლოცვაა, მღერის.
კაცო, ჰამლეტ გონაშვილი მაინც არ გაგიგია, მისმა ნამღერმა "წინწყარომ" კაცი თავის მოკვლას გადაარჩინა. ამას წინათ კიდევ, ჩვენი კრიმანჭული კოსმოსში გააგზავნეს "კაცობრიობის გზავნილიაო", რად უნდა, გეკითხები კრიმანჭულს ტექნიკა, რა, ისე ვერ ააღწევს კოსმოსამდე?
მაგრამ... მე ხომ სხვა სიმღერაზე გიმღერი, პადრე.
დაგისვამ მთავარ შეკითხვასაც და იქნებ მისაშველო რამე. რატომ შენ და არა მე? ან რატომ მე და არა შენ? ანუ რაღა შენ მუსიკა და რაღა მე მასიკვდილებელი. რატომ ათი ოქრო სხვას და ორი ოქრო მე? და თუ ორი ოქრო მე, შენ დადგები იმის თავდებად, რომ ათ ოქროიანზე ნაკლებს ვიხდი და თუ ნაკლები მომეკითხა, მეტი ვერ დავაბრუნე, ვითომ? რატომ სხვას ხმა და მე ხავილი, რატომ სხვას დაყენებული ხელი და მე დაყენებული თვალი. კაი, არა და არა... "მაღალო ღმერთოო, თუ გამაჩინეო, კიდეც მარჩინეო..." რჩენას არ ვთხოვ, გავეჩინე რა სადმე, სხვა ქვეყანაში, სადაც მრავალჟამიერი კი არ მომიღებდა ბოლოს, ვიმრავალჟამიერებდი. ორი ყურით ყრუობა რომ არ მაკმარა, მესამე გულის ყური რაღატომ დამიხშო შურით?
ეჰ! პადრე, ძველია ეს კითხვები, ძველი. "მოცარტი და სალიერი" ნანახიც გექნება და წაკითხულიც.
ინტერესგაუნელებლად შემომცქეროდა. მთავარი სხვა რამეა - ახალს რას გკითხავ, იცი? პირიქით რომ მომხდარიყო? აი, დავისვენებდი დაღლილ მუხლებზე ცვილით დამწვარ და კლავიატურაზე ნაჯაფ, მზრუნველ თითებს და ამოგხედავდი ლურჯი უზაკველი თვალებით, გაგიღიმებდი, არ მკითხავდი რაღა შენო? ერთხელ მაინც... არ აიღებდი ასტამს და არ დამიბუშტავდი თვალს თუ...?? თუ და საშინელებას გეკითხები. იქნებ შენ რომ სათნო ხარ, ესეც ის ოქროა, შენ რომ მოგეცა და მე არა? მაშინ მიპასუხე და სად არის? სად? სად არის? ის, ეგზომ მაღალი?
ყელში რაღაცამ მომიჭირა, სუნთქვა გამიძნელდა. დიდი ხნის წინ შეთავაზებულ ძელსკამზე ახლაღა დავენარცხე და ხელები გავასავსავე.
პადრე შეშინდა და მნეს ანიშნა მოდიო. ქალმა ჭიქით წყალი მომიტანა და ორღანისტთან ხელებით საუბარი გააბა, მუნჯური. წყალმა გული მიპოვნა, თვალებში გამომახედა. კეთილსახიანი კოპწია მნეც კი შემეცოდა, საწყალი მუნჯია და ეკლესიას შეეკედლა-თქო. გული მომილბა. მნე სადღაც გავიდა, მალე ტკბილეულიანი ლანგრით შემობრუნდა, შემომთავაზა. ორღანისტმაც ახლოს მომიწია ლანგარი, გამიღიმა, მნესთან ხელებით საუბარი გააგრძელა. ეჰ! აბა ამ მნემ, რაღა უნდა თქვას. სულ დაუყრუებია გამჩენს. ?????
- ჭიქა სად წავიღო? – ვკითხე ორღანისტს.
- მე დამიბრუნეთ? – მიპასუხა ქალმა. ანგარიშმიუცემლად გავუწოდე და ისიც სწრაფი ნაბიჯებით გაეშურა იქით, საიდანაც უხმეს.
მოხუცს გავხედე. შემდეგ მნეს, მერე ისევ მოხუცს.
ბრრრ! თვალები მოვიფშვნიტო, თუ ყურები?
არრრაა...
მოხუცი კვლავ მშვიდად მიღიმოდა.
პირთან ხელი ფრთხილად მივიტანე. შეკითხვა ვანიშნე.
თავი გააქნია – არაო და განათდა, ისე გამიღიმა.
ორჯერ ფრთხილად და დიდი ძალისხმევით მივიტანე ხელი ყურთან, სახეზე ნახევრად ღიმილიც წავიწერე, აქაოდა ვხუმრობ-თქო.
სერიოზულად გააქნია თავი. არც ერთიო, მანიშნა.
არრრა... არ არსებობს... შეუძლებელია...
ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, იქნებ ის არ უკრავდა, გზა ამებნა და ნამდვილი ორღანისტი ხალხში დამეკარგა-თქო. ვერ გამოდიოდა. თეთრი საყელო, სახელოებით მომხრჩვალი ხელები და ცისფერი, უზაკველი თვალები სხვა სისუფთავეს მასწავლიდა.
მკვეთრად ავდექი.
მაშ, სმენა? არრრა?! მთავარი? მთავარი... არ ვიცი რა ჭკუაზეა, მაგრამ არის, არის სადღაც ვიღაც მთავარი, ჰოდა, სხვა რაღა უნდა მეთქვა. ვთქვი:
- მადლობა ღმერთს.
- დანარჩენი?! მოკლედ, "სიკვდილამდე სიქაჩლეო": - საყდარი დავტოვე. დაჩრდილული ფილაქანი საოცარ მოზაიკად აღვიქვი, კიპარისების ხეივანს ამსუბუქებული გამოვუყევი, ღიღინით:
- მიი-ი-ი-ოოოოუ, მი-ი-ი-ი-ოოოოუ, მი-ი-ი-ი-ოოოოო...
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment