ნუგზარ შატაიძის ხსოვნას
თეთრი პერანგი მოვიცვი რამდენიმე დღის წინ, როცა მივდიოდი მეგობართან ერთად მის მეგობართან. პერანგს ერთი ღილი აქვს ჯიბეზე აწყვეტილი. იქ რაც ხდებოდა, იმას ფართის ეძახის მასპინძელი. დაგვხვდა მისულების ლორწოვანი გროვა, უკვე მთვრალი. თითქოს ცოტა გააჩმახეს ჩემს დანახვაზე. ერთმა მათგანმა, ქალმა, მოგვიანებით გადაწყვიტა შური ეძია ჩემზე იმ დასასრულისთვის, რომელიც მოვარგე ჩვენს საერთო ნაცოდვილარს წლების წინ. მომიჯდა ახლოს იატაკზე და საუბარში ასე მითხრა: შენ ბებერი ხარ და ავადმყოფი.
თეთრი პერანგი ეცვა ერთხელ, ან ერთადერთხელ რიჟიკას. ვეძახდით რიჟიკას ყველანი, რადგან ქერა იყო, ან წითური, აღარ მახსოვს; ვეძახდით ორმოცზე მეტი წლის წინ ჩვენს ეზოში. ასე ეძახდა ყველა, თორემ თემურა ერქვა, ანუ თითქმის თემური, ან თემო. ყველაზე ღარიბ ოჯახში ცხოვრობდა, ყველაზე ღარიბულ სახლში, ერთ იმათგანში, რომლებსაც ბარაკებს ვეძახდით. მამამისი, მგონი, ლოთი იყო და ნამდვილად სცემდა ხოლმე. რიჟიკას ეშინოდა მისი. მამამ ერთხელ ჩაქუჩით სცემა. სახლიდან აღარ გამოდიოდა, რცხვენოდა. მართლა მახსოვს, თუ მეჩვენება, რომ მახსოვს ჩაქუჩით ნაცემი ჩაშავებული სახე, ზუსტად არ ვიცი, შეიძლება, ვიღაცის ნათქვამი მითხრეს.
შვიდი, რვა, ან ცხრა წლის ვიქნებოდით, ხუთი, ექვსი ბიჭი ვიყავით იმ ეზოში, ვინც ვმეგობრობდით. ერთხელ რიჟიკამ შემოგვთავაზა – წამოდით, მუშტაედში, ქალების უბორნიაში, ქვემოდან ვიცი, როგორ შევძვრეთ და ქალები ვნახოთ ქვემოდანო. არ გავყევით.
ერთხელ რიჟიკამ მთელი კოლოფი პურგენი დალია, მაგრამ არაფერი მოუვიდა. მაშინაც ჩემი სადარბაზოს კიბეებზე ვისხედით.
ერთხელ რიჟიკამ ეზოში ახალშობილი კნუტები იპოვა თუ მოიყვანა საიდანღაც. იქ ვიღაც უფროსები იყვნენ და რიჟიკას აქეზებდნენ. რიჟიკას გრძელი მავთული ჰქონდა და იმ მავთულზე ააცვა კნუტები. უკნიდან უყრიდა, ვიდრე პირიდან არ გამოუვიდოდა მავთული კნუტს და შემდეგ მეორეს უყრიდა ასევე. კნუტებს თვალები არ ჰქონდათ ახელილი. სამი თუ ოთხი კნუტი იყო, არ მახსოვს ზუსტად. ყველა ააცვა და გაუშვა. გაუშვა ნიშნავს, რომ კნუტები ცოცხლები იყვნენ, რაღაც ხმებსაც გამოსცემდნენ და თათებით ცდილობდნენ გაქცევას, მავთულზე მიცოცავდნენ. ვიღაც უფროსები იცინოდნენ. მე გაქვავებული ვიხედებოდი ამაში, რაც ხდებოდა. გაქვავება, ალბათ, მაშინ დამჩემდა.
ერთხელ, ერთ-ერთი ეზოელის დაბადების დღე იყო. მისმა მშობლებმა ყველანი დაგვპატიჟეს. სხვებთან ერთად რიჟიკაც. მაგიდის გარშემო ვისხედით და ვსადილობდით. რიჟიკა ჩემ გვერდით იჯდა. ჩემზე ერთი წლით უმცროსი იყო. ძალიან მორცხვობდა, ალბათ, პირველად იყო სტუმრად, ასეთ კარგ სახლში მაინც. დანა-ჩანგლის ხმარება, მგონი, ძალიან უჭირდა. ვეხმარებოდი. ხანდახან ახლაც, როცა სტუმრად ვარ, ვითომ არ მეხერხება დანა-ჩანგლის ხმარება, ვითომ ამით რიჟიკას ვამხნევებ.
რიჟიკას თეთრი პერანგი ეცვა, შეიძლება პირველად და უკანასკნელად თავის ცხოვრებაში, სკოლის გარეთ მაინც. იმ დროს სკოლაში ყველას თეთრი პერანგი უნდა სცმოდა. დედამისს ძალიან უნდოდა, მისი შვილი სხვებზე ნაკლები არ ყოფილიყო, ამიტომ ჩააცვა თეთრი პერანგი, ისიც, შეიძლება, ნათხოვარი. ჩვენ შორის მაგიდასთან მარტო რიჟიკას ეცვა სკოლის თეთრი პერანგი. რიჟიკას ეშინოდა, თეთრი პერანგი არ დაესვარა. ამისთვის, ალბათ, ცემით მოკლავდნენ.
რიჟიკა ახალგაზრდა მოკვდა, ციხეში. სკოლა მგონი ახალი დამთავრებული ჰქონდა, როცა ქუჩაში უყურადღებოდ დატოვებული წყლის ცისტერნა-მანქანა გაიტაცა და სადღაც იქვე, დიდუბის ქუჩაზე, ქალი გაიტანა, ორი შვილის დედა. რიჟიკა ციხეში მოკვდაო, მითხრეს.
ერთხელ მე, რიჟიკა და მისი უმცროსი ძმა ეზოდან ქუჩაში ვიყავით გასული. იქ, ტროტუარზე, დიდი ლოდი იდო მგონი. მე და რიჟიკა ვჭიდაობდით. მე მოვერიე. დაბალი იყო და სუსტი. მისი თავი იღლიაში ამოვიდე და მთელი ძალით მოვუჭირე კისერზე მკლავი. მალე მან მოძრაობა შეწყვიტა და ხმასაც აღარ იღებდა. ხელი გავუშვი და ის ძირს დაეცა. არ ინძრეოდა და ხმას არ იღებდა. მისი ძმა ატირდა. მე ვიფიქრე, რომ რიჟიკა მოვკალი და, ალბათ, შემეშინდა, რადგან სახლში ავირბინე. ისინი იქ დავტოვე, ლოდთან.
რიჟიკას იმ დაბადების დღეზე თეთრი პერანგი ეცვა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ჩემს სახლში პერანგს მაშინაც პერანგს ეძახდნენ, თორემ საერთოდ, ხალხში, საროჩკა ერქვა.
სადილის შემდეგ მარწყვი მოგვიტანეს. ისიც, ვისი დაბადების დღეც იყო მაშინ, ერთსართულიან სახლში ცხოვრობდა, მაგრამ ღარიბები არ იყვნენ, კარგი ეზო ჰქონდათ და მათ სახლს ბარაკს არავინ ეძახდა. რიჟიკას მარწყი პირდაპირ თეთრ პერანგზე ჩამოუვარდა კოვზიდან და წითლად დაუსვარა მარცხნივ საყელოსთან, წვენი პერანგზე ჩამოეწუწა. რიჟიკა გაშრა და გაწითლდა, უხმოდ ატირდა, ალბათ, სირცხვილისგან და შიშისგან.
კარგა ხანს ვეყარეთ იატაკზე, მაგრამ არ დაგვილევია, თუმცა არც ფხიზლებს ვგავდით. ბოლოს, სხვებზე ადრე, სამნი წამოვედით იქიდან – მე, ჩემი მეგობარი და მასპინძლის ძმა, რომელსაც უცნაურად ვარდისფერი შარვალი ეცვა, ალბათ, ერთადერთს მთელ ქალაქში. მე ისე წამოვედი, როგორც წამოხვალ საპარიკმახეროდან, სადაც პარიკმახერებმა დაგცინეს ზურგსუკან.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
No comments:
Post a Comment