Wednesday, July 14, 2010

მალხაზ ხარბედია – კარლსონის მამალივით

რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენს ჟურნალში მხატვრული ტექსტების ბეჭდვის პოლიტიკა რადიკალურადაა შესაცვლელი. უკვე ერთი წელია ვფიქრობ იმის შესახებ, რომ ამ ფორმამ, ანუ ახალი მოთხრობებისა და ახალი ლექსების ბეჭდვამ, გარკვეულწილად თავისი თავი ამოწურა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ჟურნალმა უარი უნდა თქვას ახალი მხატვრული ტექსტების ბეჭდვაზე, უბრალოდ მგონია, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს, მაგრამ რა გინდა რომ ქნა ამ გაგანია კრიზისში?
2008 წლის ბოლოს, როცა აქ, ამ ადგილას, გასულ ლიტერატურულ წელს ვაჯამებდი, ვთქვი: “2008 წელი ძალზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გამოცემისთვისაც, შეიძლება ითქვას, “ლიტერატურა – ცხელმა შოკოლადმა” ამ წელს აიდგა ფეხი და იმედია მომავალ 2009 წელს უკვე ხარის ძალებს მოიკრებს.” სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, პირიქით, დაახლოებით 1 თვეში ჩვენ იძულებულნი გავხდით ჟურნალი 48-დან (“ლიტერატურის” მოცულობა ხანდახან 64-საც კი აღწევდა) 32-მდე შეგვემცირებინა, იკლო ჰონორარებმა, ენთუზიაზმმაც. იმავე შემაჯამებელ წერილში ძალიან ბევრ სიახლეს ვპირდებოდი მკითხველს, რომ 2009-ში ჩვენი ჟურნალი მეტ თემატურ ნომერს მოამზადებდა, მეტი იქნებოდა უახლესი ლიტერატურის თარგმანები, შევეცდებოდით დაგვემკვიდრებინა ხარისხიანი ლიტერატურული ჟურნალისტიკა და შეგვექმნა ჯანსაღი გარემო ჯანსაღი ლიტერატურული კრიტიკისთვის. იმაზეც კი ვოცნებობდი, რომ სწორედ ლიტერატურული კრიტიკა მისცემდა მაგალითს ყველა დანარჩენ კრიტიკას, ვაპირებდით მრგვალი მაგიდების მოწვევას, სპეციალური კითხვარების შედგენას.
ვაპირებდით... რადგან ყველა ეს იდეა მსოფლიო კრიზისის ქართულმა განშტოებამ შეიწირა. ჩვენს ჟურნალს კომპანია “ჯიპისის” სახით ძალიან ერთგული სპონსორი ჰყავს, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ მათი მხარში დგომა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რათა თანამედროვე ქართულ ლიტერატურას კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა წინ, 2009 წელი კი “ცხელი შოკოლადი - ლიტერატურის” ფერისცვალების წლად ქცეულიყო. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც მიმაჩნია, რომ რაღაც ცვლილებების შეტანა შესაძლებელია, მცირე შანსი ნამდვილად არსებობს და ამ შემთხვევაში ჩვენ იმ ავტორების იმედიცა გვაქვს, ვინც შედარებით მცირე ჰონორარის საფასურად მოამზადებს მწერლებთან ინტერვიუს, მიმოხილვებს, დაწერს კრიტიკულ სტატიებს, რეცენზიებს, უპასუხებს კითხვარებს.
თანამედროვე ტიპის ლიტერატურული პერიოდიკა სწორედ ამას გულისხმობს, მეტ ანალიზს, ინტრიგას, პირად გამოცდილებას, ინფორმაციას. დღეს უკვე ძალიან მომრავლდა ლიტერატურული პორტალები თუ ბლოგები, რომლებიც აუცილებლად იმსახურებენ ყურადღებასა და დახმარებას, მათთვის შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს თითოეული რჩევა თუ კრიტიკული შენიშვნა, ზოგი რამ კი მათგანაც შეიძლება ვისწავლოთ. გარდა ამისა, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ თარგმნის ხარისხს, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში, თანაც გაითვალისწინეთ, რომ დღეს საქართველოში გაცილებით მეტი თარგმნილი წიგნი გამოდის, ვიდრე ორიგინალური ლიტერატურა, რაც გვავალებს კიდევ უფრო ყურადღებიანები ვიყოთ ამ გამოცემების მიმართ.
არ ვიცი, როგორ გამოვა ეს ამბავი, რა განახორციელებს ამ ჩანაფიქრებს... თუმცა ვიმეორებ, ჩვენი ერთგული და მომავალი ავტორების იმედს მაინც დავიტოვებ და სულ ბოლოს ჩემს იმეილსაც დავაგდებ, კარლსონის მამალივით.

kharbedia@yahoo.com

სტატია დაწერილია 2009 წელს


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: