Friday, July 16, 2010

ირაკლი კაკაბაძე – ლექსები

ბაქო

ნაილის

დავდივართ ქარებში,
მგზავრებს ვუკოცნით სახეებს
და ვუცქერთ ერთურთს
თვალებში, გულში და სიზმრებში.
სიზმარი ცხადია
და შენც იქიდან გადმოაბიჯე,
მდინარის პირას ქვაზე ჩამოჯექი და
არ ვიცით რა ქვია მდინარეს.
მთვარე შეიყვარე
და ქვეყანაც მთვარეულია,
მე კი ვღლი სიზმრებს
სამაგიერო სიკეთეების დარიგებებში
და გაღვიძებულს ვალმოხდილობის შეგრძნება მყვება.
მონატრების ქარების და ხარ,
მაგრამ ტკბილია უმწარესიც კი
რაშიც შენ გხედავ,
რაშიც შენი ხელი ურევია,
რასაც მზერა მისწვდა შენი
და აღარ ვუფრთხი ქარებს –
(ჩემი აღქმის ქვევრები აივსო თრობით)
ქარებიც ჩვენია და
ქარების ქალაქიც,
დავდივართ ქარებში
და ვუცქერთ ერთურთს
თვალებში, გულში და სიზმრებში –
ჩვენ ერთმანეთის გასაღებები.

* * *

ჩემი განსაცდელი,
მუნჯი და სასტიკი,
თვალების სარკეში და
შუბლის შარა-გზებზე.
ფერია თეთრი და
თეთრი და
თეთრები,
მე კი შევიფერე რუხი და თანმდევი.
ყველა კითხვად იქცა,
არც ერთი პასუხად,
არა ხარ?
არა ვარ?
არ არის?
ჩემი განსაცდელი,
მუნჯი და სასტიკი...

უკან მისახედად

”შემობრუნებისთანავე მარილის სვეტად იქცა...”

სიტყვები უკან დასაბრუნებლად,
სიტყვები უკან მისახედად,
სიტყვები ხელის ჩასაჭიდად,
სიტყვებში სამოთხე და სიტყვებში პარასკევი.
პარასკევი -
სადაც დავეცი და ტირილი შევძელი.
მოვნიშნე ალაგი აღდგომის და კვლავ დაცემის.
მზე აქაც ის არის, რაც ყველა სევდიან ლექსში თუ სიმღერაში.
ვინ იტყვის სად არის თამაში და სად ტრაგედია.
საათსაც თუ მომართავ და მზერას გაიმკაცრებ,
ორმოც ჯალათსაც მოძებნი და ორმოც ათასსაც,
რომლებიც დაედევნებიან ქალებს, ბავშვებს და კაცებს,
რომელთაც პოლიტიკა საწოლზე მეტად ხიბლავთ.
ბავშვები ისევ ელიან ნათლის ანგელოზებს,
ნათელი რომელიც ისე გაქრა, რომ ელვაც არ დატოვა,
ანგელოზებიც წავიდნენ უმიზნო გზებით და უსულო მიზნებით.
აქ ერთი კასრია და ყველა ვიხრჩობით,
მასში ვიხარშებით,
სადაც ცხოვრება მთავრდება ყოველდღე
და იწყება ხანდახან.
გამოიარა სიბერემაც ეს დღეები და ქალაქები.
სად არის პოეზია,
მწყემსი ბიჭის სიამაყესა და მზერაში,
თუ გვალვისაგან დახეთქილ მიწაში.
რითი იწყებენ,
როცა ყველაფერი დამთავრებულია?
რა შეგვიძლია გადამღერების, გადასხვაფერებისა და გადაღებვის გარდა ,
რა არ თქმულა, რომ ჩვენი სათქმელი არ ყოფილიყო,
რად სჭარბობს ასე სიტყვებში პარასკევი?
სიტყვები უკან მისახედად
თუ სიტყვები თავისთვის...

მეისრე
ალექსანდრეს

და წვიმის შემდეგ
ატალახებულ მინებთან ვდგავარ,
მძინარეს გიყვები იგავებსა და ამბებს
ამ ქვეყნის შესახებ -
გასწვრივ მდგომებზე,
უსასრულო ხაზებად მდგომთა შესახებ,
ფოთლებივით მშვიდთა და ბედთან შეგუებულთა,
ხსოვნის ყველა უჯრედზე,
რომელმაც შემომინახა განცდა და შიში
თვალებში ცქერის,
გმირების გზას რომ დავადექით და
მივედით ყველაზე ახლოს
გახშირებული სუნთქვის მოსასმენად,
სიცივის ოხშივართან
და განწირულობის მხურვალებასთან,
ერთად ჩავხედეთ თვალებში
თვალებაკრულსა და უთვალებოს.
დედა კუთხეში ჩაჩოქილი მივატოვეთ,
ეს თაიგულია დედაშენი,
ეს გულსაცავი და
გულისფეთქვის გადანაწილება.
მე კი მეისრე,
უნდა გიჩვენოთ უსაფრთხო გზები,
ბჟუტავი სინათლე და
დილის ძილის მეზღაპრე,
რომელსაც თავზე ადევს გადაშლილი
ყველა შენი თვალღია შიში,
როგორც აღსაკვეცს წმინდა წერილი.
და წვიმის შემდეგ
ატალახებულ მინებთან ვდგავარ,
შორს ჩამქრალი მოჩანს გუმბათები,
მძინარეს გიყვები იგავებსა და ამბებს
ამ ქვეყნის შესახებ,
რომ მე როცა დავიბადე
ბებიჩემის დედა, ალექსანდრა
იმ დღეს გარდაცვლილა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: