ლია სტურუას პოეზიაზე ფიქრისას უნებლიეთ წარმომესახება სიტყვების შემდეგი რიგი – ემოციური, მძაფრი, დრამატული, ინტელექტუალური, ხატოვანი, მშვენიერი, ნატიფი, თავისუფალი, უჩვეულო თუ არაჩვეულებრივი და შესაძლოა, ეს უკანასკნელი ჩემთვის საკვანძო სიტყვაც კი იყოს: ლია სტურუას პოეზია არაჩვეულებრივია – ამ სიტყვის არა მხოლოდ გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობითაც.
საინტერესოა პოეტის შემოქმედების ფესვების ძიება, პარალელების, ანალოგიების მიკვლევა წინამორბედი თაობების ნაღვაწთან, სტილისტიკასა თუ პოეტიკასთან, მაგრამ ლია სტურუას პოეზია ამ თვალსაზრისით თითქოს სრულიად უჩვეულოა, არაჩვეულებრივია და ამასთანავე კოსმოპოლიტურიცაა. მიუხედავად იმისა, რომ პოეტი თავად ნათლად მიგვანიშნებს თავის პოეტურ "პრიორიტეტებზე" – ტექსტებში ფიგურირებენ გურამიშვილი, გალაკტიონი, განსაკუთრებით ვაჟა (ვაჟასთან პარალელს ქვემოთ დავუბრუნდებით), სხვა დიდი პოეტები – ლია სტურუას ლექსი მაინც სრულიად თვითმყოფადია: ძნელია ისეთი ნიშნის მიკვლევა, რაც უშუალო ასოციაციებს გამოიწვევდა წინამორბედთა პოეზიასთან. იმავდროულად, ლია სტურუას ყოველი ლექსი უაღრესად ეროვნულია, ქართულია, აქ ვაჟას სამყაროს ხიბლიცაა, გურამიშვილისაც, გალაკტიონისაც და ხალხური პოეზიის შედევრებისაც და ეს არ არის გამოწვეული ტრადიციული, ან სპეციალური პოეტიკური ატრიბუტიკის გამოყენებით, არამედ იმთავითვე, ბუნებრივად, თავისთავად არსებობს ქაღალდზე ჯერ არ გადატანილი ლექსის ჩანასახში, პოეტის "წარმოსახვით სამყაროში", თუ უფრო მაღალფარდოვნად ვიტყვით – სულში. და ეს – კოსმოპოლიტურობის და უაღრესი ეროვნულობის შეხამებაც არაჩვეულებრივია, პარადოქსულია.
არაჩვეულებრივის და ჩვეულებრივის დაპირისპირება პოეტის სამყაროში ერთ-ერთი ღერძული ანტინომიაა. სამყარო ფასეულობას მისი არაჩვეულებრივობის გამო იძენს, ერთი შეხედვით ყველაზე ჩვეულებრივ საგნებსა თუ მოვლენებშიც "ბუდობს" არაჩვეულებრივი, ჩვეულებრივი საგნები, ნივთები პოეტისათვის საერთოდ არ არსებობს: ყოველს ნერვები აქვს, ყოველი სუნთქავს, ანათებს, ჟღერს, ყოველს სტკივა და ამ ყოველივეს ჩვეულებრივობით, ყოველდღიურობით დაუბინდავი თვალით დანახვა, აღქმა, თუ ხელახალი აღმოჩენა ესაჭიროება. ეს არის მუდმივი წარმოსახვითი ქმნადობა, ეს არის "პარალელური" დრო-სივრცეების ხედვა, რისი უნარიც ნაბოძები აქვს ადამიანს და მან უნდა გამოიყენოს ის, რათა სული აღივსოს სამყაროს უჩვეულო მრავალფეროვნებით და უსასრულობით, რათა არსებობა ერთფეროვნებად, რუტინად არ გადაიქცეს. ამასთან, ლია სტურუას პოეზიაში ნათლად ჟღერს იმ მთავარი საფრთხის მოტივი, რასაც შინაგანად შეიცავს ჩვეულებრივობა: ჩვეულებრივობა ყოველთვის შეიძლება, აგრესიულ მასობრივობად გარდაისახოს და "ბულდოზერივით გადაუაროს" ასე მშვენიერ, ფაქიზ და მგრძნობიარე არაჩვეულებრივობას, ანუ არსებობის სიღრმისეულ ფასეულობებს (აქ შეიძლება, გაგვახსენდეს ფროიდიც: ყველაზე მეტად კომპლექსიანი "ნორმალურობააო").
თავად პოეტი მუდამ ამ არაჩვეულებრივობის ძიებაშია, მუდამ "სწყურია", ხელახლა აღმოაჩინოს სამყარო, საგნები, მოვლენები, მათ შორის კავშირები, გრძნობითი ნიუანსები და ეს არ არის თვითმიზანი, თუ "ინტელექტუალური მეთოდი": ესეც, ჩემი აზრით, არის ლია სტურუას პოეტური ნიჭის თანდაყოლილი, თავისთავადი, ბუნებრივი შემადგენელი ნაწილი. პოეტი "ასე ხედავს", პოეტი კი არ ქმნის უჩვეულო ხილვების, სახეების, ხატების ნაკადებს, ჩანჩქერებს, ფეიერვერკებს, არამედ ეს ყოველივე ერთი და იგივეა – ეს თვით პოეტის სულია თუ სიზმარია – სიზმარი ხომ ყველაზე ჩვეულებრივი არაჩვეულებრივობაა.
და ეს გაცხადებულია ლია სტურუას 100 ლექსის (გამომცემლობა "ინტელექტი", თბილისი, 2008) პირველივე სტრიქონებში: "მე რომ სიზმარი მგონია, იმ ცხადში / უცნაური რამ ხდება..." ("არსენა ყაჩაღის გახსენება"); ან: "მაგრამ მე მიწა არ მიშველის – / მთელი სიცოცხლე მე ფეხქვეშ მქონდა ნიადაგი / მხოლოდ სიზმრების და უჩვეულო სახეების..." ("ვახუშტი კოტეტიშვილს"). და მართლაც ლია სტურუას პოეზიაში: "ცრემლი, იმის ნაცვლად რომ მიწაზე დაეცეს / მაღლა ადის და სამრეკლოს უძმობილდება", "ცივ ბროლს ათბობს წითელი ღვინო", "სული ლარნაკში ჩაყუდებულია ყვავილივით", "...ბავშვობის რვეულიდან ამოხეული ქაღალდის თვითმფრინავში ზიხარ / და ფეხდაფეხ მიყვები იებს", "პალტოს იცვამენ წეროები", "ცაზე გაფატრული ორღანი ჰკიდია", "...სული, რა ხანია, ვერცხლის კოვზივით დევს ნისლის რძეში", "ვიოლინოს ხმა აქვს სევდას, / უფრო სწორედ, წარმოდგენა ამ ხმაზე, / ვიდრე დაკვრას დაიწყებდე, / მუსიკის კაცი გახდებოდე, / მერცხლისგან შავ ფრაკს შეიკერავდე", "სევდა ჯერ კიდევ დარდი არ არის / და სინათლისკენ ზურგით მდგარი / ბავშვის ყურებივით გამჭვირვალეა", "გნოლის ფრთებით მოშრიალებს საღამო", "ჭურჭლის სიმრავლისგან / კუზიანი ბუფეტი აქლემად იქცევა / და ნემსის ყუნწში ძვრება", "აი, იმ ღრუბელს / ალავერდის ეკლესიასავით გრძელი ყელი აქვს", "გარეთ ცივა / და სახლები ძროხებივით ეკვრიან ერთმანეთს", "მოხუცები სხედან, / ღეჭავენ ჰაერს, / ღრუბლიანი ურჩევნიათ, / რძეში ჩამბალი პურივითაა, / ლაჟვარდი მკვახე ვაშლს ჰგავს, / უძნელდებათ მისი მონელება" და სხვა მრავალი.
თვით სიტყვაც კი, გაცვეთილი სიტყვა, ლექსის მასალა, საშუალება "ფენომენოლოგიური თვალითაა" უჩვეულოდ გაცოცხლებული: "მე პირველად მაშინ მივხვდი, რომ მიყვარს სიტყვა, / როცა გრამატიკის გაკვეთილზე მას შემოაცალეს აზრის და რითმის სამოსელი, / მოკვეცეს ზარივით აჟღერებული თმა, / ქინძისთავებით მიამაგრეს დაფას / და დაუწყეს დაქუცმაცება, / არა იმიტომ, რომ რამე ტკიოდა და ეშველათ, / არამედ ჩვენთვის რომ ესწავლებინათ ანატომია, / რომელიც მე ვერასოდეს ვერ ვისწავლე, / რადგან მიყვარს ხმოვნების ღიაობა, / ძალიან ღრმა, მაგრამ არა ორმო, / არამედ გაოცებული ბავშვის პირი / და უცაბედი თანხმოვნების გადარაზული ტუჩები, / თითქოს მუსიკის გამცემი სახლის ფანჯარა ჩაკეტეს" ("ქართულის გაკვეთილები").
ამ თვალსაზრისით ქართული პოეზიის ნაკადში ლია სტურუას ლექსი შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მეტად "ფენომენოლოგიური ფენომენია", რაც თავისთავად არც კარგს ნიშნავს და არც ცუდს, არც სხვაზე უკეთესს და არც უარესს: ეს უბრალოდ ასეა. იქნებ ამიტომაც არის განსაკუთრებით ხაზგასმული ვაჟასთან სულიერი ნათესაობა: "ერთადერთი იმედი მაცოცხლებს, / ასე მგონია, ვაჟა ფშაველას ვუყვარვარ, / რადგან ყვავილის თავგანწირულებას ვამჩნევ უპირველესად / და მერე იისფერობას, / მაგრამ მას ქვაც უყვარს, რომელსაც მესვრიან, / ამიტომ შუა გზაში გააჩერებს, / ბოროტებას არ ჩაადენინებს..." ("ავტოპორტრეტი". ამ სტრიქონებით მთავრდება "100 ლექსი": ვაჟა ხომ "უსულო საგნების" და უპირველესად ბუნების "გასულიერების" გენიალური ოსტატი იყო.
და სიზმარივით ღიაა ლია სტურუას ლექსი (უმბერტო ეკოს გაგებით): ყოველ ლექსში მრავალი შინაარსია და თითოეული მათგანი მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა – მკითხველი ლექსის სრულფასოვანი თანაავტორია. ლექსი იმპულსურად იბადება, მას არ გააჩნია დედააზრი: "მე სულ დედააზრის პოვნას მასწავლიდნენ, / მაგრამ რა მექნა, როცა უკეთურ სიტყვებში "დამღიერებულნი და ჩარადოვანნი" / დედა-ზარი რეკავდა / ჟანგისფერი / და მოლაპარაკე ჩიტივით ენააცრილი..." დედა-ზარის რეკვა ხომ უსასრულოდ მრავალ შინაარსს შეიცავს...
არაჩვეულებრივად სინთეზურია პოეტიკა, რომელიც იკრებს ფერწერის, მუსიკის, ასე განსაჯეთ, სინემატოგრაფის ელემენტებსაც კი. ამასთან, ლია სტურუას ლექსი ინტიმური, აღსარებითი ლირიკის და სკულპტურული მონუმენტურობის პარადოქსულ შეხამებასაც წარმოადგენს. შესაბამისია პოეტური ფიგურები, სტრუქტურირება, რიტმი და ხატწერა: იგრძნობა ქართული საგალობლების მრავალხმოვანება, ბახისეული რეგისტრების ცვლა, გამოკრთება მოცარტი (სრულყოფილი სინატიფე: "ბემოლებით მოპირკეთებული სევდა, მაჟორი – ყაყაჩოები რძეში"), ჰოკუსაი (კვლავ სინატიფე და ლაკონურობა), ფიროსმანი (სევდანარევი ნაივობა), ვან გოგი (ნერვიული მონასმებით), ფელინი (კარნავალური სიმბოლურობით) და სხვ. ამასთან, უნდა შევნიშნოთ, რომ ყველა დასახელებული ფიგურა და ლია სტურუას პოეზიის სხვა ნიშნეული ფიგურები უპირატესად სწორედ "ფენომენოლოგიური ერთეულებია", უზაკველობის მტარებლებია, ბავშვურებია; სამყაროს ყოველდღიურად თავიდან აღმოჩენა ხომ თამაშის, ბავშვობის თუ ბავშვურობის ფენომენთან მჭიდროდაა დაკავშირებული: "ბავშვი ხატავს სახლს – / ერთი წითელი საწოლი, / ეზოში ასეთივე წითელი ძაღლი, / დანარჩენ ფურცლებს ავსებს ბალახით, ან ცით, / შუაში, მზის გვერდით, აწერს ხელს, / თავისი ლოგიკა აქვს: / წითელი საწოლი ზამთარში უფრო თბილია, / წითელი ძაღლი ვარდების ბუჩქს ჰგავს".
სინეთეზურია, ერთიანია ლექსის სტრუქტურაც: ლექსი არ იყოფა სტროფებად, მონაკვეთები, სეგმენტები მცირერიცხოვანია, პაუზები მოკლეა, ლექსი თითქოს ერთი ამოსუნთქვითაა შექმნილი, თითქოს "ერთი ამოსუნთქვაა" ლექსის სიცოცხლე, რომელიც ბოლო სიტყვასთან ერთად მთავრდება, რაც ხატწერის "განვრცობილ სიმძაფრესთან" და ინტონაციურ მრავალფეროვნებასთან შეხამებით დინამიურ და დრამატულ, ლია სტურუასეულ რიტმს წარმოშობს.
თვით ხატწერაც არაჩვეულებრივია. ლია სტურუა თითქოსდა ვერ ელევა ვერც ერთ სახეს, სხვადასხვა რაკურსით ასხივებს მას, აზუსტებს, ამძაფრებს და რთული, ვრცელი და მშვენიერი პოეტური სახეების ძეწკვებს თუ ხატების რიგებს ქმნის: გავიხსენოთ თუნდაც ზემოთ ციტირებული მონაკვეთი "ქართულის გაკვეთილებიდან"; ანდა: "ვდგავარ ფანჯარასთან და სისხლის ცრემლებით ვტირი, / იქნებ ვიღაცას ხანძარი ვეგონო და საშველად მოვარდეს, / ის, ვისაც არ ვიცნობდი, / მაგრამ, ყოველთვის, ჩემს თვალწინ, / პლატონის და სოკრატეს, რუსთაველის და ღმერთის საუბრებს შუა, / არაკანონიერი, როგორც ბალახი ასფალტიდან, / ამოდიოდა მიამიტი ადამიანი / და ანბანივით სწავლობდა პირობითობას. / მერე შეეძლო ძაღლის ყეფისთვის ხელი გადაესვა, / ან სიკვდილის შემდეგ თვითონ ქცეულიყო დიალოგად, / მაგრამ არა გენიალურ, არამედ ვარდისფერსხივიან მუსაიფად, / არაფრისმცოდნე ატმის ტოტივით... // საბრალო ჩემი მშობლები, რომლებიც ვერაფრად ვერ იქცნენ, შვილების ყოველდღიური წვალების გარდა, / არ გამოდის მათთან ლაპარაკი ატალახებულ კუკიის სასაფლაოზე..." ამ ლექსში ერთადერთი პაუზაა (//) ორ მონაკვეთს შორის. პირველი მონაკვეთი სახეების უწყვეტ ასოციაციურ რიგს თუ ძეწკვს ქმნის, მეორე, ბოლო მონაკვეთი კი უფრო შორეულ, მოულოდნელ ასოციაციას ეფუძნება, გადაჰყავს მკითხველი სხვა რეგისტრში და ერთდროულად აზუსტებს და ამრავალფეროვნებს ლექსის შინაარსებს.
არაჩვეულებრივობა ხომ შინაგანად მოულოდნელობასაც მოიცავს, რაც არა მხოლოდ სახეთქმნის, არამედ ლექსის სტრუქტურის დონეზეც მჟღავნდება. ასეთსავე კომპოზიციას ბევრ სხვა ლექსშიც "წავაწყდებით". მაგალითად, შესანიშნავი, მცირე ზომის ლექსი "ადამიანის ხმა", რომელიც ადამიანებს შორის ეგზისტენციური კონტაქტების რღვევისა და დროთა შორის კავშირის გაწყვეტის მძაფრი ემოციითაა გაჟღენთილი, ასე იწყება "ცნობათა ბიუროში ვრეკავ" (ასოციაცია – კოკტოსთან). მკითხველი ელის, რომ "უკონტაქტობის" ჟამს პოეტი რეკავს, რათა ადამიანის ხმა გაიგონის, ან მიაგნოს იმის მისამართს, ვისაც დაელაპარაკება, მაგრამ მოულოდნელად ლექსი ასე სრულდება: "მე ცნობათა ბიუროში ვრეკავ, / სადაც, მხოლოდ, / ცოცხლების ტელეფონის ნომრებს იძლევიან..." და ლექსის შინაარსი (თუ ინფორმაციული ველი) ახალი, სრულიად სხვა რაკურსის წიაღსვლებით მდიდრდება.
მოულოდნელი თუ არაჩვეულებრივი შესაძლოა, თვით ლექსის ამოსავალი, წარმოსახვით-იმპულსური "ხედვის კუთხეც" კი იყოს: "შეიძლება / ეკალს საწყალს, შეუხედავს, / სულ ნეიტრალური ფონი რომ იყო / ვარდის ფენოვანი სილამაზისთვის, / პოეტის უკუღმართი ტვინი აღმოაჩნდეს / და დაგაჯეროს რომ ბულბულმა მოკლა, / ისეთი გავარვარებული მკერდით შეასკდა?": ვარდ-ბულბულიანი ეკლის თვალით!
ამასთან, ხატწერისას ყოველ დეტალს თავისი სიღრმისეულ-ემოციურ-შინაარსობრივი დატვირთვა გააჩნია: მკითხველმა ყურადღება უნდა მიაქციოს ფერებს, ტონებს, ბგერწერულ ნიუანსებს, მეორად ფიგურებს თუ ნიშნებს. ამის შესახებ ჩვენ უფრო ვრცლად ადრე ვწერდით და ამჟამად სიტყვას არ გავაგრძელებთ: ეს "თემა" ამოუწურავია. მხოლოდ ერთ მხარეს, "ნიუანსურ ფსიქოლოგიზმს" გავუსვამთ ხაზს: "(...) ისეთი მოთმინებით / როგორც ქალი მშობიარობის ტკივილებს იტანს, / ხოლო მამაკაცი მოვალეობის ციხეში იტანჯება, / რადგან მასზე ძლიერია სურვილი / თვალს წყალი დაალევინოს..."
ერთი რამ კიდევ უნდა ითქვას ხატწერასა და ლექსის სტრუქტურასთან დაკავშირებით: სახეთა მრავალფეროვნებასა თუ ასოციაციათა უსასრულობაშიც კი პოეტი მუდამ "ახერხებს", გამოაქანდაკოს ლექსის ერთიანი სახე – ყოველ ლექსს თან ახლავს ერთიანი ემოციური "მეტაშინაარსი", რომლის სხვა, არაპოეზიის ენით მეტ-ნაკლებად სრულად გადმოცემა შეუძლებელია. წავიკითხოთ ეს მცირე ზომის, ჩემი აზრით, შედევრი:
"ერთად აღარ ვზივართ მაგიდასთან,
რომ ვუყუროთ, რა მაღალია
ჩაის ჭიქებიდან ამოსული ორთქლი,
რა მონატრებული ლაპარაკი არაფერზე,
სიტყვას რომ დილის ჭირხლი ადევს
და უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე გამოხატავს...
ეკა მეორადი მაღაზიიდან მოტანილ კარადაში
სუფთა სარეცხის სუნს დებს,
ელენე ბგერა რ-ს
შოკოლადივით ღრღნის –
ფრანგულს სწავლობს,
ელგუჯა საფლავში წევს,
მე იმ დროს ვიგონებ,
როცა ფანჯარას გავაღებდი
და ოთახი პეიზაჟით აივსებოდა..."
რის შესახებაა ეს ლექსი?.. კითხვის ასეთი ფორმით დასმა არასწორია, არაეკვივალენტურია: ეს ლექსი ყველაფრის და არაფრის შესახებაა, იგი არ არის რაიმე კონკრეტული შინაარსის მატარებელი... იგი მართლაცდა განუზომლად "უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე გამოხატავს..." ბევრი ჩვენგანი იგრძნობს ჩვენთვის რაღაც ძალზე ახლობელ ემოციას; ემოციას, რომელიც მოულოდნელად გეუფლება, მაგალითად, რაიმე მივიწყებულ, ძვირფას საგანთან შეხებისას, ასევე ძვირფას ასოციაციებს თუ მოგონებებს რომ აღძრავს და ჩაგაფიქრებს სწრაფწარმავალობაზე, წამის მოუხელთებლობაზე, არსებულის მოწყვლად ვირტუალურობაზე, მშვენიერის ფასეულობაზე, არსებობის არსზე... პასუხები განსხვავებულია...
და ეს ეფექტი მუსიკის ზემოქმედებასაც ჰგავს: "შაბათს, როცა სამყაროს აშენება დაამთავრა, / ხელთ არავითარი მასალა აღარ ჰქონდა / და სევდა დაეუფლა, / რომ ისევ ფაიფურის ლამბაქივით ბრტყელ ცას უნდა მიეყინოს, / მაშინ ხომ არ შექმნა მუსიკა ღმერთმა?", ანდა "სიტყვების თანხვედრა ისეთივე ძნელია, / როგორც ორი ერთმანეთის მაძებარი ადამიანის... / და თუ ეს მოხდა, ასე მგონია, / შუაღამის ბნელ და ცარიელ ქუჩაში სახლს მივაგენი – / განათებულს, ფანჯრებდაღებულს, მუსიკის გამცემს..."
ლია სტურუას პოეზია უსასრულო და მძაფრ ტკივილზეა აღმოცენებული: "ჩემგან ოთახებს ყიდულობენ, / მე სახლის სიმბოლოს ვყიდი, / ამის გამო მტკივა თავი, თმა, ჰაერი მის გარშემო, / ანუ შარავანდედის ადგილი". ეს არის კივილის დაოკების პოეზია: კივილს ხომ "ქრესტომათიაში არ შეიტანენ", ანუ კივილი პოეზიის "ფარგლებს სცილდება", სცილდება "მსახურების" ფარგლებს (ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ).
ტკივილიანია ყოველი ლექსი და ეს ტკივილი სწორედ თავშივე დასახელებული ანტინომიის, "თეთრი და ალისფერი ვარდების ასწლიანი ომის" ბუნებრივი თანამგზავრია, როგორც მთვარე – დედამიწისთვის თუ დედამიწა – მზისთვის. არაჩვეულებრივსა და ჩვეულებრივს, მასობრივს შორის ბრძოლა მუდმივად მიმდინარეობს. ჩვეულებრივი, "კარაქის ადამიანები, / რომლებიც ყველგან დაატარებენ თავის პედესტალებს" მუდამ დიდ უმრავლესობას ქმნიან; არაჩვეულებრივობა – მუდამ უმცირესობაშია: "უშველეთ ხეებს / და თიხისგან მოზელილ თითო-ოროლა ადამიანს...", რომლებიც ფიქრობენ, რომ "ხეები ქარის ფრთებია". ჩვეულებრივს დამკვიდრება არ უჭირს, არაჩვეულებრივს კი მუდამ ხილული თუ უხილავი ბრძოლის გადატანა ესაჭიროება დასამკვიდრებლად... ჩვეულებრივი "საფუძვლიანია", საარსებოა" – როგორც კარაქი ან ხორცი, ან ის, ვინც "საჭმელს ჭამს თეფშებიანად / და არშიების ოქრო მოუჩანს პირიდან"; ჩვეულებრივობა მუდამ "დავარცხნილია" – როგორც "გოგლიმოგლივით ტკბილი პოეტები", ანდა "ზომიერად მოფიქრალი თავები, / თეთრი საყელოს თაბაშირით მხრებში ჩაშენებული, / არც ხელში თავისუფლების ლაჟვარდისფერი დროშა, / არც ნერვებზე წაკიდებული ცეცხლი"; არაჩვეულებრივობა კი "უსაფუძვლოა", საარსებო "საშუალებას " არ წარმოადგენს – როგორც ჭეშმარიტი პოეზია, ან "ვიღაც შერეკილის სიზმრიდან / ამოთრეული წერო თუ ადამიანი, / რომელიც წეროსავით იგრძელებს კისერს, / რომ შეამჩნიონ, / ფრთებიც თუ გაშალა, / სულაც ჯვარცმულს დაემგვანება / და გამოიწვევს ათას შეკითხვას, გაოცებას, თანაგრძნობას..." არაჩვეულებრივობა "უკუღმართია", დაუვარცხნელია" – როგორც კაცი, რომელიც "აგერ, უკვე ასი წელია / ლურჯ სუფრასთან ზის / და თავის მკვლელს ელოდება...". არაჩვეულებრივობა გამაღიზიანებელია – "აფრიალებს ცას და თავისუფლების ლაჟვარდისფერ დროშას ეძახის მას". არაჩვეულებრივისათვის "2X2 მაინცდამაინც ოთხი არ არის" და "გაჭედილ ლიფტში ზღვაზე ფიქრი" ბუნებრივია (არაზუსტი ციტატა).
ჩვეულებრივი "მაყურებელია", შემფასებელია, განმკითხავია, "ზეპირი მორალიტეებით განთქმულია", "ცივი ქარივითაა", რომელიც მიდის "უკან და გვერდზე გაუხედავად, სულ წინ და წინ. ჩვეულებრივობის (თუ "სუბსტანციის", რომელიც აჩვეულებრივებს) ერთ-ერთი ცენტრალური სიმბოლო "ქალაქია": "ქალაქი" ანიველირებს არსებობას, აქუცმაცებს დროს – "გამჭვირვალე დილას / თანდათან ადამიანები შეერევიან, / შეასქელებენ და ორშაბათად, / ან პარასკევად აქცევენ, / რომელთა კალენდრული ჩარჩო / კედლებივითაა, ქუჩებივით, / რევოლუციონერების სახელები რომ ჰქვია" (ეს ხატი ციხის, პატიმრობის ასოციაციასაც იწვევს), ან კიდევ – "სახელები იმიტომ დაარქვეს დღეებს, / რომ დრო დაექუცმაცებინათ / და ადამიანის განრიგისთვის მოერგოთ, / უკვდავებისგან წუთისოფელი გამოგვიდნო ღმერთმა, / რა აფეთქება იყო! / როგორ ჩაქრა..."; "ქალაქის ჰაერში იის წვეთიც / არ ურევია", ანდა საერთოდ – "ცა აღარა აქვს ქალაქს"; ანუ ქალაქი იმდენად ჩვეულებრივი, მასობრივი, "სწორი ხაზივით მართალი" გახდა, რომ ცაც კი დაკარგა და ასეთ პირობებში რა გასაკვირია, რომ "მრგვალ ბაღთან მხვდება რამაზ გიორგობიანი, / კიდევ უფრო აწოწილი და ნაწვიმარი, / ვიდრე კინოში / და უკვე მკვდარი". ("დღეს"), ან რომ გალაკტიონი "ყველასათვის მოულოდნელად, / საკუთარი თავისთვისაც კი, / ფანჯრიდან გავიდა, / არა თვითმკვლელობის მიზნით, / არამედ იმიტომ, რომ ფანჯარა უფრო ახლოს იყო ცასთან, / ვიდრე კარები..." ("გუშინ"). ცის, არაჩვეულებრივობის დაკარგვა კიდევ უფრო დიდ საფრთხესაც შეიცავს: "– გახსოვს იყო ასეთი ქვეყანა საქართველო, / რომელიც მეხსიერებაში თუ არ შევინახეთ, / გადმოხტება საავადმყოფოს ფანჯრიდან / და ვეღარ დავეწევით..." ("ხვალ").
კიდევ ერთი შტრიხი: ჩვეულებრივობა, დალაგებულობა, "დავარცხნილობა" პლატონის იდეალურ სახელმწიფოსთან ასოცირებს: "აბა, სინატიფისგან და სტილების სიმრავლისგან / რა სახელმწიფოს ააშენებ? / შიგ პოეტები რომ შეუშვა? / მშიერ კუჭზე ისეთ ლიტერატურულ პოპ არტ-ს მოგიწყობენ, / ვერ გაარჩევ, / სად გაზეთებში შეხვეული ტარანია, / სად იალბუზით გაოცებული სინტაქსი – / შენი კანონიერი სახლი, / კედელი, რომლის სიმაღლეს ბავშვის ტირილით ამოწმებ, / დიდი ხნის ჩაუცმელი წითელი კაბა – / გაუთოვებული რევოლუცია კარადაში... / (...) / რა უნდათ პოეტებს იდეალურ სახელმწიფოში?" ("პლატონის მოტივებზე"). მართლაც, ლია სტურუას პოეზია, გარკვეული აზრით, "ანტი-პლატონურია": საგანთა იდეების, განზოგადების პარადიგმას, საგნების სიცოცხლის, კონკრეტულობის, მუდმივი სახეცვლილების პარადიგმა უპირისპირდება.
პოეტისათვის ყოფა, ყოველდღიურობა, ჩვეულებრივობა ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი, მძაფრი ტკივილის აღმძვრელი მუხტის მატარებელია, მაგრამ იმავდროულად ის თითქოს აუცილებელიცაა პოეტური იმპულსის, "შინაგანი ხედვის" წარმოსაშობად: "ყველაზე შეუსაბამო დროს იწერება ლექსები, / როცა ყოფა ისე დაგაწვება, / როგორც მტვირთავს საკუთარი კუბო, ყველანაირ კარადაზე მძიმე, / რომელიც თავის სიცოცხლეში უთრევია...", ან "...საბოლოოდ ვრწმუნდები, / რომ ადამიანი მთელი სიცოცხლე ტკივილია / და წამლის ძიება / დედისთვის, შვილისთვის, მეგობრისთვის, / მაგრამ არა საკუთარი თავისთვის, / რადგან ტკივილიდანაც იქნებ რაიმე გამოდნეს!"; ან კიდევ – "და ასე ვცხოვრობ – / თავი, მაგიდაზე დამხობილი, / რომელშიც ტკივილი გუბდება / და ორ თვალს იკეთებს / ესეც შენი შინაგანი ხედვა".
და ამ კონტექსტში უნდა ითქვას, რომ ლია სტურუას პოეზია უაღრესად რელიგიურია: თვით ლექსების ატმოსფერო თუ პოეტური სივრცე-დროის "კონსტრუქცია" თითქოსდა წარსულს, აწმყოს და მომავალს, ამქვეყნიურს და მიღმიერს თანაბრად და ერთდროულად შეიცავს: "მოდი ვივახშმოთ ფლამანდიური ნატურმორტებით. / მე დაღლილ ხორცს დავდებ სკამზე, / შენ სულს ჩამოკიდებ ჰაერში / და შეგეკითხები: – / ვინა ხარ ახლა? / ქარი, რომელსაც ჩიტების თაიგული მიაქვს ღმერთთან? / იმ დარდის სიმძიმე, მხრები რომ დაგინგრია, / სინამდვილეში კი წონა არ ჰქონდა? ან იქ ვინ შეგხვდა?" ("ვინ ხარ ახლა? ელგუჯას"). პოეტი თავისებურად ხედავს დროის სივრცით ველს (აქ შეიძლება ჰაიდეგერიც გაგვახსენდეს): "მათ მეხუთე საუკუნისაგან / უპიროვნო და უხორცი სივრცე აშორებდათ, / მე კი ვგრძნობდი, რომ სივრცესაც აქვს სისხლი, / ყაყაჩოებიანი მინდორი რომ წარმოიდგინო თოვლზე, / ოღონდ მინდორი რომ გამოაცალო / და ყაყაჩოები დატოვო". და ეს უჩვეულო განცდა – ჩვეულებრივობასთან, ყოველდღიურობასთან თუ ყოველდღიურობაზე თავგადაკლულ ზრუნვასთან, ყალბ ფასეულობებთან, ფილისტერულ გარემოსთან შეხებისას – კიდევ უფრო ამძაფრებს ტკივილს, უფრო მაღალ "რეგისტრში" აჰყავს ის და... ყველა ტკივილის უკან თითქოს ქრისტეს ფიგურა ილანდება – ყველაზე არაჩვეულებრივი არსებისა: "ტკივილის გარეშე შეიძლება გაღმერთება?" და – "ტკივილიც შუქით თავდება".
შესაძლებელია, სწორედ ასეთ მსოფლაღქმას ეფუძნებოდეს ლირიკული გმირის კრედო: "მეხივით დამატყდება ხოლმე რაიმე საოცარი სიტყვა, / მაგალითად, მიქელ მოდრეკილი... / რატომ მოდრეკილი, ვის წინაშე / იმ მოუდრეკავ და აღერღილ საუკუნეში? (...) ყველაფერი ამის წინაშე / რომ არ მოდრეკილიყო კაცი / და ქედზე თვითგვემის მათრახი არ ეტყლაშუნა, / ისე ვერ იტყოდა ჰიმნს, / რომელიც ერთი ბაცი და უხმო ბგერით / სულ ადრეულ ბავშვობაში იწყება, / როცა ზოგი ბავშვი ბურთს დასდევს/ ზოგი კი, / თვალებად და ყურებად ქცეული, / წურბელასავით აეკრობა მზეს / და არ დაახრჩობს მისი სისხლი, / არ დააყრუებს მისი კაშკაშა ფორტე, / რაც იმას ნიშნავს, / რომ მის სხეულში / უტკბილეს ნაყოფზე ჩიტის ნაკრტენივით / უკვე ჩაფიქრებულია პოეტი – / მოდრეკილი კაცი..." ("ორიოდე სიტყვა ჰიმნის შესახებ"); ან – "ისევ წყალი გიპატრონებს, / თბილ და ნათლისმცემელ ტალღებში მიგიღებს, / რადგანაც ყველა მდინარეში იორდანეს გენი მეორდება... (...) წყალი მსახურია, / თავმდაბალი და მუნჯი, / ის ყველაზე პატარა ბალახსაც ემსახურება..." ("ოდა წყალს"); ამასთან, პოეტს ეჭვი ღრღნის – ეს მხოლოდ თამაში ხომ არ არის? – "ჩვენ ვდგავართ ჩემი ტკივილის კართან, / შენი ფერმკრთალი ნიღაბი სიკეთეა, / ჩემი ვარდისფერი – მორჩილება"; ანდა, როგორია პროპორცია ქრისტიანობასა და წარმართობას შორის სულში? – "ჩემი სამსხვერპლო სხეულიდან / გამოდის როგორც უმწეო ბავშვი, / რომელიღაც გაძარცული სვეტიცხოველი / და მევედრება: / – მზე დედაა ჩემი..."; ან სულაც, შეიძლება, პოეტი ჭეშმარიტად რელიგიური იყოს? – "არ ვიცი, უფრო პოეტი ვარ, / თუ კარგი ქრისტიანი". და აქაც ერთგვარი პარადოქსული შერწყმა გვაქვს – ამჯერად რწმენისა და "ურწმუნობისა".
და მაინც პოეტობის, როგორც "მოდრეკილობის", მსახურების მოტივი (რაც თავის არსით რელიგიურია – ამ ცნების ფართო გაგებით) მკაფიოდ პრევალირებს: "მაგრამ შენთვის თანაგრძნობა / სიტყვების მოცეკვავე რიტუალია / მისთვის – თანატკივილი, / რომელსაც ძველად თანალმობა ერქვა (...) მან იცის პასუხი უპასუხო შეკითხვაზე: / როგორ შეიძლება ერთი ლექსით, / ისევე როგორც ერთი პურით და ერთი თევზით / ათასობით კაცი გააძღო! ("დაგვიანებული რეკვიემი გ. ტაბიძეს") და იქნებ ამიტომაც – "პოეზიისათვის მაინც მადლობელი ვარ".
სწორედ ასეთი რწმენა შეიძლება, ასულდგმულებს იმედს და ასევე, რწმენა თუ ხედვა იმისა, რომ ყოველი საგანი ასხივებს და ყოველ სულში "მოცარტი თვლემს": "საგნები ასხივებენ, ადამიანები, მითუმეტეს, / შეგიძლია ეს სინათლე დაინახო? / არც მზე, არც მთვარე, / არამედ სხივოსანი ენერგია! (...) სახე ბროწეულის ხეს გამოედება, / გაალისფერდება რაღაც წუთებით, / მერე ისევ არ დაემორჩილება მზერას. / დახატე ჩემი სხივოსანი ენერგია / და აღარ მოვკვდები!"
და ალბათ, ეს აიძულებს პოეტს, რომ ახალ, "არამოცარტების" თუ ანტი-მოცარტების დროშიც, სადაც "ფონოგრამა საერთო საფლავივითაა", "ჯიხურიდან მზესავით მოჩანს / შხამიანი ყვითელი ფანტა...", "ნახატი რომ უწმინდურებაში ამოავლო, / იმასაც იყიდიან", თავისი ნებით იტვირთოს სასჯელი თუ მისია:
"ღიმილი კუნთების მოძრაობად მექცა, (...)
გადმოქართულებული რეპი მომესაჯა,
სლენგით გაზრდილი ბავშვების მდინარეში შეყვანა
და რუსთაველით მონათვლა."
სხვა სიტყვებით – დღესაც ცოცხალია რწმენა იმისა, რომ პოეზია, მუსიკა, მხატვრობა, არაჩვეულებრივობა სასიცოცხლო აუცილებლობაა და იცავს კაცობრიობას სრული გაერთფეროვნების, ტოტალურ მომხმარებელთა მასად ქცევის თუ გაველურებისაგან!..
გადავიკითხე წერილი... მაინც სქემატური გამოვიდა... ლია სტურუას პოეზია იმდენად მრავალწახნაგოვანია, რომ მას ცალკე, გაცილებით უფრო ღრმა და ვრცელი, კვლევა ესაჭიროება. ჩემთვის ერთი რამ უეჭველია – ლია სტურუას პოეზიამ გაუსწრო დროს: "და ვცხოვრობ ასე, ხორცშესხმული ომი, / თეთრი და ალისფერი ვარდების ასწლიანი ომი, / მაგრამ ამას ვერავინ ხვდება, / პირიქით, მეუბნებიან: / – რა მშვენივრად გამოიყურებით! (...) – რა კარგად აზროვნებთ! (...) – და რა გაუგებარ ლექსებს წერთ!" – მომავლის მკითხველი გაცილებით მეტს აღმოაჩენს პოეტის არაჩვეულებრივსა და მშვენიერ სამყაროში მოგზაურობისას.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:
Post a Comment